დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ თბილისის მერიის კრიტიკის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს. ირაკლი ბაღდავაძის თქმით, გათავისუფლების შესახებ დავით გელოვანმა მიაწოდა ინფორმაცია.
ბაღდავაძე ამბობს, რომ სამსახურიდან ყველანაირი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს. ის მშრალ შიმშილობას აანონსებს და აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ბრძოლას, "სანამ სამართლიანობა არ აღდგება".
„უსამართლოდ გამიშვეს სამსახურიდან, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, ბოლო წიქა წყალს ახლა დავლევ და აქ ვიქნები ბოლომდე, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.
დათო გელოვანი გამოვიდა, დაიჭირა ფურცელი ხელში და წაიკითხა განცხადება. რატომ? - იმიტომ, რომ შენ იწვევ აქ კონფლიქტს. არაფერი ოფიციალურობა, უბრალოდ წამიკითხა და გამიშვა სამსახურიდან. ვიღაც ფოტოგრაფი მიღებდა.
მივმართავ საქართველოს, მომეხმარეთ, დამიდექით გვერდში. დავრჩი უმუშევარი, ბანკის ვალით, ქირას ვერ ვიხდი და ვრჩები ქუჩაში", - ამბობს ბაღდავაძე ფორმულასთან საუბრისას.
ირაკლი ბაღდავაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გაათავისუფლეს თუ არა სხვა თანამშრომლებიც.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 2 დღის განმავლობაში - 6 და 7 აგვისტოს გაფიცულები იყვნენ.
გაციფულები ამბობდნენ, რომ მათ ხელფასის სახით 1250 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა, 700 ლარი ერიცხებათ.
ასევე, ზაფხულში აცვიათ ზამთრის უნიფორმები, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, მოძველებულია ტექნიკა და მანქანები, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის.
ასევე, მოითხოვეს შვებულებით სარგებლობის უფლება და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.
მერია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ტექნიკა ახალშეძენილია, ხელფასები კი მომატებულია და საკითხი იანვრიდან ისევ გადაიხედება. უნიფორმებთან დაკავშირებით კი კალაძემ თქვა, რომ ყოველწლიურად ახალი რიგდება, თუმცა, წელს ტენდერის გამოცხადებისას გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რაც, მისი თქმით, უკვე მოგვარებულია.
ამასთან, კახა კალაძემ თბილისერვისის ზოგიერთ გაფიცულ თანამშრომელს "კრიმინალიც" უწოდა.
ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და ხმამაღლა აკრიტიკებდა ხელისუფლებას. რამდენიმე დღის წინ კი მთავარი არხის ეთერში ისაუბრა სამსახურში დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე - ბაღდავაძემ თქვა, რომ გაჩუმების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს.
ასევე, 19 აგვისტოს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თანამშრომლები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ვიდეოს სწორედ დავით გელოვანი იღებდა.